- იოგა
- რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემა, ჩაისახა და აღმოცენდა აღმოსავლეთში, ინდოეთში, იქაური რელიგიების წიაღში. იგი ერთ-ერთია ინდოეთის ექვსი ფილოსოფიური სკოლიდან (ვედანტას მსგავსად). ფუძემდებლად ითვლება ბრძენი პატანჯალი (ძვ.წ. I I ს.). ამის გამო იოგას პატანჯალის სისტემასაც უწოდებენ, რომლის თანახმად ჭეშმარიტების შემეცნებისა და პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელია ნათელი გონება, სულისა და სხეულის განწმენდა. სიტყვა ,,იოგა’’ მომდინარეობს ზმნის ძირიდან ,,იუჯ’’, რაც სანსკრიტზე ნიშნავს ,,ერთად შეკონვას’’, ,,შეუღლებას’’, გადატანით - კავშირს, ჯგუფს, ჯამს. იგულისხმება კავშირი აბსოლუტთან: პიროვნული, კონკრეტული ,,მე’’-ს ზიარება უზენაეს ,,მე’’-სთან. ამრიგად, ცნება იოგა დაკავშირებულია რელიგიურ იდეალებთან, კათარზისთან (განწმენდასთან), ფიზიკურ და სულიერ ქმედებასთან, ვარჯიშთან, რომლის რეგლამენტი საუკუნეთა მანძილზე ვითარდებოდა და მდიდრდებოდა. ასე რომ, დღევანდელობის თვალით, იოგა რელიგიურ-ფსიქოლოგიური და ფსიქო-ფიზიკური ვარჯიშების საერთო სახელია, რომელთაც აქვთ პირდაპირი ან ირიბი კავშირი ინდურ-ტიბეტურსა და ჩინურ სამყაროსთან. ამდენად, გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: ტიბეტური იოგა (ბუდიზმი) და ჩინური იოგა (დაოიზმი).Source: პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
Georgian encyclopedia. 2013.